Wednesday, June 16, 2010

მუცო

მუცო _ პირიქითა ხევსურეთის ციხესიმაგრეა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიამ ქაჯეთის ციხეს შეადარა. ციხე-სოფელი ციცაბო კლდეზეა ნაგები და სამი მხრიდან მიუვალია. ერთადეთი მისადგომი ერთ დროს ორი კაცის სიმაღლის გალავნით იყო შემოსაზღვრული, რომელსაც დღედაღამ მეგალავნენი იცავდნენ. სოფელს ბროლისკალოს მთავარანგელოზის სახელობის სალოცავი იფარავდა. მუცოში მეორე სალოცავიცაა: ბროლისკალოს წმინდა გიორგი. მუცოელნი მთავარანგელოზის ყმები არიან. ჰქონდათ საკუთარი ხატის საგანძური და დროშა, იყვნენ მეგანძურნიცა და მედროშენიც. ორმა კაცმა სხვადასხვა საბიძაშვილოდან იცოდნენ საგანძურის სამალავი ასევე ორმა სხვა ადამიანმა დროშის. საგანძურიცა და დროშაც მხოლოდ ხევსურთათვის უდიდეს დღესასწაულზე “ათენგენობაზე” ან რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოჰქონდათ. ჩამოატარებდნენ ზარ- ზანზალაკებიან დროშას მედროშენი, ხვდებოდნენ ხატის ყმები მუხლმოყრილნი. გამორჩეულთ საკარგყმოს ჩამოურიგებდნენ – ლუდით სავსე ხატის თასებით. სვამდნენ მუცოელნი ვინმე ლეგუას, ვინმე ბაისერის მოსაგონარს. მათსას ვისაც ბოროტი სიკვდილის არ შეშინებიათ და სამშობლოთვის სიკვდილი არ დაზარებიათ. მაგრამ დაუდგა საქართველოს მძიმე პერიოდი, წითელი სახადის პერიოდი. ისე წავიდნენ მეგანძურნიცა და მედროშენიც არავისთვის გაუნდიათ სამალავების საიდუმლოება. ვეღარ ნახეს ალბათ ახალგაზრდებში ის საიმედოობა და ერთგულება რომელიც სჭირდებოდა ხევსურეთის სიწმინდის დაცვას. შეცვალეს პერანგიან, ხმლიანი და ალალ-მართალი ვაჟები განათლება მიღებულმა, ფართლის ტალავრიანმა და ქალაქს ნაზიარებმა ახალგაზრდებმა. ალბათ ამიტომაც დარჩნენ ლეგენდად განძიცა და დროშაც, სადღაც მუცოს მიუვალ კლდეებში. ლეგენდავე გვეუბნება, რომ მათ ვერავინ იპოვის სანამ თვითონ მუცოს მფარველი ხატი არ ამოარჩევს ღირსეულს, რომელსაც ძილში უჩვენებს მათ ადგილს და აპოვნინებს.
მუცოელები თოფის წამალს ადგილზე ამზადებდნენ. რაღაც მინერალს მოიპოვებდნენ (ალბათ გოგირდის შემცველობით) რომელსაც შემდეგ სპეციალური ტექნოლოგიით ამუშავებდნენ. (ადუღებდნენ, აშრობდნენ) სამწუხაროდ სადღეისოდ ეს ტექნოლოგია ზუსტად აღარავინ იცის. თუმცა ამის შესახებ ერთ ხალხურ ლექსშია ნათქვამი:
,,თოფმა თქვა: ჩემსა წამალსა
შვიდ პირად უნდა დუღილი,
მაისის თვეში დამნაყან,
მემრ ნახან ჩემი ქუხილი".
ამ მინერალს პირდაპირ მუცოს ციხეში მოიპოვებდნენ. ძალიან საინტერესოა როგორ აღმოაჩინეს ხევსურებმა დენთის დამზადების ქიმიური პროცესი. ეს ვინმემ ასწავლათ თუ ადრიდანვე იცოდნენ. სამწუხაროდ ამაზე არანაირი ინფორმაცია არ არის შემორჩენილი. ტყვიის მოპოვებაც არ ყოფილა პრობლემა რადგან იქვე მუცოდან ერთ კილომეტრში არის ჭალა რომელსაც სატყვიე ჭალას ეძახიან. ეს ჭალა მართლაც სატყვიეა. აქ თხრიდნენ და ღებულობდნენ ტყვიის მადანს, რომლის გადადნობითაც გამოდიოდა ტყვია. ტყვიის მადანი იმდენი ყოფილა რომ სხვა სოფლების მაცხოვრებლებზეც კი ყიდდნენ. ერთი კვადრატული მეტრი ფართობი ერთი ცხვარი ღირდა. გადამხდელს შეეძლო ამ ერთ კვადრატულ მეტრის ფართზე ეთხარა და რასაც იპოვიდა მისი იყო.
ჯიხვიც ბევრი ყოფილა იმ დროს. იქვე მუცოს თავზე საჯიხვეებში ბინადრობდნენ. იმდენი რომ, როცა ახალ თოფის წამალს გააკეთებდნენ გამოსაცდელად საჯიხვებში მიდიოდნენ. აბა ტყუილად ტყვია წამლის ხარჯვას ვინ მოჰყვებოდა. საჯიხვეების ცოტა ქვემოთ (მუცოსთავ) იყო ყანები, სადაც ხორბალი მოყავდათ.
მუცოს სულ ზემოთა ნაწილს ბროლის კალო ჰქვია. მისი სახელი ალბათ მისი დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მართლაც კალოსთვის ყველაზე მოხერხებული ადგილი იქნებოდა, თანაც თავის დროზე თუ ბროლებით იქნებოდა შემოსაზღვრული მშვენიერი სანახავიც უნდა ყოფილიყო. მაგრმ ეს ალბათ ძალიან ადრე ხდებოდა რადგან სადღეისოდ მას აბსოლიტურად სხვა დატვირთვა აქვს. იქ წმინდა გიორგის და მუცოს მფარველი მთავარანგელოზის სახელობის სალოცავია.
თუკი მუცოს აღწერას ზმოდან დავიწყებთ პირველი რაც შეგვხვდება ეს არის თორღვას კოშკი, ბროლისკალოს მთავარანგელოზის სახელობის სალოცავი და შეთეკაურთ ციხე. ოდნავ გადახრილი და კუთხე ჩამონგრეული.

No comments:

Post a Comment