Wednesday, June 16, 2010

შატილი

შატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).
შატილი ერთ-ერთი დიდი სოფელი იყო პირიქითა ხევსურეთში. 1920_იან წლებში სოფელში 50_ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა, 214 სული. 1951_იან წლების დასაწყისში მთელი ხევსურეთი დაცალეს კომუნისტური “გეგმური” გადასახლებით. ამან გამოიწვია ძნელად მისადგომი კუთხეების მოშლა და გაუკაცრიელება. მოიშალა უნიკალური კუთხური ხალხური სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ადათ_წესები, ჩვეულებები.
ორმოცდაათიან წლებში შატილში თითოეულ ქვიტკირში ორი-სამი ოჯახი ცხოვრობდა. ქვიტკირები მრავლად იყო დახუნძლული კიბეებითა და წინკარებით, გადასასვლელ_გადმოსასლელებით. ჰქონდათ ტყვიაწამლის და ძვირფასეულობის სამალავიც, რომლის ადგილსამყოფელიც ბავშვებმა და ახალმოყვანილმა რძლებმა არ იცოდნენ, რათა შემთხვევით არ გაეცათ შატილივნების საიდუმლო. ეს სამალავი წარმოადგენდა ხუთ სართულს მიწისქვეშ.
შატილის შენება სავარაუდოდ “ქავიდან” იწყება. ძველი ციხე_ქალაქი შატილი შემდეგი უბნებისგან შედგებოდა: ზენაუბანი, შუასოფელი, ქავი, ქვენაუბანი. ქალაქს შუაზე ორმეტრიანი ქუჩა ჩადიოდა ამ ქუჩას “ინგური” ერქვა და ის სისტემატურად სუფთავდებოდა ნაკელისგან. შატილი ერთადერთი სოფელია, სადაც საფეხვნოა შემორჩენილი. საფეხვნოს აღზმრდელობითი ფუნქციაც ჰქონდა. იქვეა საქვაბეც (ლუდის სახარში ადგილი).
ყველაზე დიდი ბრძოლა რომელიც შატილმა გადაიტანა მოხდა 1843 წელს, როდესაც მას შამილის ლაშქარი დაეცა ცნობილი სარდლის ახვერდის მაჰმადის მეთაურობით. 1843 წლის ივნისში შატილში მაცნე მოვიდა – ჯარეგოდან ცხენოსნებს დიდი ლაშქარი მოდისო. მტრის ჯარი მაშინდელი წყაროებით 5000 მეომარს ითვლიდა. თვითონ შატილში 60_მდე მებრძოლი მამაკაცი იქნებოდა. ბრძოლა ღამით მიდიოდა. შატილივნებმა ჩარდახებზე და გალავნებზე ცეცხლმოკიდებული ფიჭვის მორები ჩამოკიდეს და მათ დროდადრო ადუღებულ ერბოს ასხამდნენ გასაღვივებლად. თავიდან მომხვდურები ითხოვდნენ როგორც საქართველოს სიღრმეში გზის გახსნას ასევე ხარკსაც. ხოლო შემდეგ, როცა ბრძოლა გაუჭირდათ უკვე მარტო გატარებაზეც თანახმა იყვნენ. თუმცა შატილივნების, ანატორლების და გუროვლების გაერთიანებულმა ჯარმა მტრის უკან გაბრუნება შეძლო, თან მათი სარდალიც სასიკვდილოდ დაჭრეს.
ბოლოზე ანატორელთა, ჯებირ გაღმართეს მკვდრისაო.
ბევრ ჰქონდა ტყვიაწამალი ტრიხას გიორგის შვილსაო
ცოლი უსხამდა ტყვიათა (იმედ თუ ჰქონდა ქმრისაო)
ბატონს ჰკითხავდეს ლეკები “შენ ხო აღარა გჭირსაო”
თოფ დამკრეს შატილივნებმა, ოთხით დამკიდეს ჩრდილსაო
დამამტვრევიეს ბარკალი ჩემი სიცოცხლე ჭირსაო.

No comments:

Post a Comment