Wednesday, June 16, 2010


ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.

ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.

სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ცდილობდნენ ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ ასპინძის ბრძოლაში (1770), კრწანისის ბრძოლაში (1795), მთიულეთის აჯანყებისა (1804) და კახეთის აჯანყების 1812 დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. 80-იან წლებში დაიწყო ხევსურეთის მიტოვებულ რეგიონებში ცხოვრების გეგმაზომიერი აღორძინება. ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკარის ციხე, მუცოს ციხე-სოფელი,არდოტის ციხე-სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი, შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, აკლდამები და სხვა.

ვახუშტი ბაგრატიონი ხევსურებს ასე ახასიათებს:
"ფიზიკურად ხევსური ჯანსაღია და მაგარი. ამასთანავე ის ამტანია და გამრჯე. ხევსური საშუალო ტანისაა, მხარბეჭიანი და კუნთებმაგარი. სახით ის გარუჯულია და პირმრგვალი. ცხვირი ხევსურს სწორი მოყვანილობისა აქვს, თვალები დიდი და ლურჯი. ქცევაში დინჯია, მოქმედებაში კი მარდი. გულადობა და გამბედაობა ხევსურს არ აკლია და თავის პიროვნების დასაცავად თავგანწირვამდის მიდის. გულზვიადი და თავმოყვარე ხევსური ზნეობრივ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ სიმახინჯეს ვერ იტანს და თვითმკვლელობასაც სჩადის. უცხოსთან ხევსური ამაყია, მას ხევსურობით თავი მოაქვს, უცხოური არ მოსწონს და მას არც ბაძავს. ამასთანავე ხევსური ფრთხილია და იჭვიანი. ის ადამიანს ძნელად თუ დაენდობა, მაგრამ დანდობილს ხევსური სამარემდის ჩაჰყვება და არ უღალატებს. ხევსურის ქალი ტანით ჯმუხია და ქცევით დინჯი, მას ქალური სინაზე აკლია და მამაკაცური იერი გადაკრავს. ხევსურ ქალსაც ახასიათებს სიმარდე და გულადობა. მაგრამ შრომისა და მძიმე სოციალური პირობების გამო ხევსურ ქალს სევდიანი და მოღუშული გამომეტყველება აქვს. მრუშობა და გარყვნილება ხევსურს ეჯავრება და მას აქ ადგილი არა აქვს".
ანთროპოლოგიურად ხევსურები გამოირჩევიან აღმოსავლურ-ქართული ტიპის სახით, მთიან რეგიონში და უგზო პირობებში ცხოვრების გამო, ხევსურთა უდიდესი ნაწილი გამხდარია. ხევსურების უმტესობას თვალები ღია ფერის აქვს, თმის ფერი კი ქერადან მუქ წაბლისფრამდე მერყეობს. სავსურულ სახესა და ნაკვთებს უფრო თხელი და წყობილი ეთქმის.

საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ცდილობდნენ ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან.ხევსურები თავგამოდებით იბრძოდნენ სამშობლოს თავისუფლებისათვის, აქტიურად მონაწილეობდნენ კახეთის 1659 წლის აჯანყებაში, ასპინძის (1770 წ.), კრწანისის (1795 წ.) ბრძოლებში, მთიულეთისა (1804 წ.) და კახეთის (1812 წ.) აჯანყებებში.აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ.XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო ხევსურების იძულებითი გადასახლება ბარის აუთვისებელ რეგიონებში(შირაქის და სამგორის ველი).ძლიერმა მიგრაციულმა პროცესებმა, კერძოდ, მცხოვრებთა მექანიკურმა შემცირებამ, მოსახელობის დაბერების პროცესი დააჩქარა. შემცირდა შობადობის და ბუნებრივი ნამატის მაჩვენებლები. 1886-1989 წწ. მანძილზე ამ მხარის მოსახლეობის რიცხოვნობა 4989-დან 652 კაცამდე შემცირდა. სოფლების რაოდენობა თითქმის განახევრდა (53-დან 29 ნასოფლარად იქცა), ხოლო 18 სოფელში მცხოვრებთა რიცხვი 10 კაცზე ნაკლებია. შედარებით ხალხმრავლობით გამოირჩევა სოფელი ბარისახო (250 კაცი).

ხევსურებს ოდითგანვე ჰქონდათ ბევრი ისეთი მხარე რომლებიც ბევრისთვის თანამედროვე სამყაროში მიუღებელი და წარმოუდგენელია. მათი ყოფა-ცხოვრება და ზნე-ჩვეუელბები ყოველთვის განსხვავდებოდა...
ხევსურეთი ის მხარეა, სადაც წარმოუდგენელის წარმოდგენაც შეგიძლია... თავისი ისტორიით და ხასიათით ეს მხარე ყველაზე მრავალფეროვანი და ორიგინალურია. დღეისათვისაც ხევსურეთი ადათ-წესების დაცვით ცხოვრობს. მაგალითად პირიქითა ხევსურეთი ის ადგილია, რომელიც მთელი 8 თვე გარესმყაროს მოწყვეტილია... სამწუხაროდ სოფლებში არაა ელექტროენერგია, არ არის სამანქანო გზა არ არის აკვშირგაბმულობა... მიუხედავათ ამის საბედნიეროდ კიდევ არიან ერთგული ხევსურები, რომლებმაც არ დატოვეს თავიანთი მხარე და უსასრულო ზამთარსაც კი მთაში ატარებენ...

აღსანიშნავია ისიც რომ ხევსურეთი და ხევსურები გამოირჩევიან წერის ნიჭით... ისინი უსასრულო თოვლიან ღამეებს ლექსების წერასა და სიმღერაში ატარებენ...

ინფორმაციის წყარო: wikipedia
თინათინ ოჩიაურის წიგნი: ''ანდრეზე და სინამდვილე''

შატილი

შატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).
შატილი ერთ-ერთი დიდი სოფელი იყო პირიქითა ხევსურეთში. 1920_იან წლებში სოფელში 50_ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა, 214 სული. 1951_იან წლების დასაწყისში მთელი ხევსურეთი დაცალეს კომუნისტური “გეგმური” გადასახლებით. ამან გამოიწვია ძნელად მისადგომი კუთხეების მოშლა და გაუკაცრიელება. მოიშალა უნიკალური კუთხური ხალხური სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ადათ_წესები, ჩვეულებები.
ორმოცდაათიან წლებში შატილში თითოეულ ქვიტკირში ორი-სამი ოჯახი ცხოვრობდა. ქვიტკირები მრავლად იყო დახუნძლული კიბეებითა და წინკარებით, გადასასვლელ_გადმოსასლელებით. ჰქონდათ ტყვიაწამლის და ძვირფასეულობის სამალავიც, რომლის ადგილსამყოფელიც ბავშვებმა და ახალმოყვანილმა რძლებმა არ იცოდნენ, რათა შემთხვევით არ გაეცათ შატილივნების საიდუმლო. ეს სამალავი წარმოადგენდა ხუთ სართულს მიწისქვეშ.
შატილის შენება სავარაუდოდ “ქავიდან” იწყება. ძველი ციხე_ქალაქი შატილი შემდეგი უბნებისგან შედგებოდა: ზენაუბანი, შუასოფელი, ქავი, ქვენაუბანი. ქალაქს შუაზე ორმეტრიანი ქუჩა ჩადიოდა ამ ქუჩას “ინგური” ერქვა და ის სისტემატურად სუფთავდებოდა ნაკელისგან. შატილი ერთადერთი სოფელია, სადაც საფეხვნოა შემორჩენილი. საფეხვნოს აღზმრდელობითი ფუნქციაც ჰქონდა. იქვეა საქვაბეც (ლუდის სახარში ადგილი).
ყველაზე დიდი ბრძოლა რომელიც შატილმა გადაიტანა მოხდა 1843 წელს, როდესაც მას შამილის ლაშქარი დაეცა ცნობილი სარდლის ახვერდის მაჰმადის მეთაურობით. 1843 წლის ივნისში შატილში მაცნე მოვიდა – ჯარეგოდან ცხენოსნებს დიდი ლაშქარი მოდისო. მტრის ჯარი მაშინდელი წყაროებით 5000 მეომარს ითვლიდა. თვითონ შატილში 60_მდე მებრძოლი მამაკაცი იქნებოდა. ბრძოლა ღამით მიდიოდა. შატილივნებმა ჩარდახებზე და გალავნებზე ცეცხლმოკიდებული ფიჭვის მორები ჩამოკიდეს და მათ დროდადრო ადუღებულ ერბოს ასხამდნენ გასაღვივებლად. თავიდან მომხვდურები ითხოვდნენ როგორც საქართველოს სიღრმეში გზის გახსნას ასევე ხარკსაც. ხოლო შემდეგ, როცა ბრძოლა გაუჭირდათ უკვე მარტო გატარებაზეც თანახმა იყვნენ. თუმცა შატილივნების, ანატორლების და გუროვლების გაერთიანებულმა ჯარმა მტრის უკან გაბრუნება შეძლო, თან მათი სარდალიც სასიკვდილოდ დაჭრეს.
ბოლოზე ანატორელთა, ჯებირ გაღმართეს მკვდრისაო.
ბევრ ჰქონდა ტყვიაწამალი ტრიხას გიორგის შვილსაო
ცოლი უსხამდა ტყვიათა (იმედ თუ ჰქონდა ქმრისაო)
ბატონს ჰკითხავდეს ლეკები “შენ ხო აღარა გჭირსაო”
თოფ დამკრეს შატილივნებმა, ოთხით დამკიდეს ჩრდილსაო
დამამტვრევიეს ბარკალი ჩემი სიცოცხლე ჭირსაო.

მუცო

მუცო _ პირიქითა ხევსურეთის ციხესიმაგრეა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიამ ქაჯეთის ციხეს შეადარა. ციხე-სოფელი ციცაბო კლდეზეა ნაგები და სამი მხრიდან მიუვალია. ერთადეთი მისადგომი ერთ დროს ორი კაცის სიმაღლის გალავნით იყო შემოსაზღვრული, რომელსაც დღედაღამ მეგალავნენი იცავდნენ. სოფელს ბროლისკალოს მთავარანგელოზის სახელობის სალოცავი იფარავდა. მუცოში მეორე სალოცავიცაა: ბროლისკალოს წმინდა გიორგი. მუცოელნი მთავარანგელოზის ყმები არიან. ჰქონდათ საკუთარი ხატის საგანძური და დროშა, იყვნენ მეგანძურნიცა და მედროშენიც. ორმა კაცმა სხვადასხვა საბიძაშვილოდან იცოდნენ საგანძურის სამალავი ასევე ორმა სხვა ადამიანმა დროშის. საგანძურიცა და დროშაც მხოლოდ ხევსურთათვის უდიდეს დღესასწაულზე “ათენგენობაზე” ან რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოჰქონდათ. ჩამოატარებდნენ ზარ- ზანზალაკებიან დროშას მედროშენი, ხვდებოდნენ ხატის ყმები მუხლმოყრილნი. გამორჩეულთ საკარგყმოს ჩამოურიგებდნენ – ლუდით სავსე ხატის თასებით. სვამდნენ მუცოელნი ვინმე ლეგუას, ვინმე ბაისერის მოსაგონარს. მათსას ვისაც ბოროტი სიკვდილის არ შეშინებიათ და სამშობლოთვის სიკვდილი არ დაზარებიათ. მაგრამ დაუდგა საქართველოს მძიმე პერიოდი, წითელი სახადის პერიოდი. ისე წავიდნენ მეგანძურნიცა და მედროშენიც არავისთვის გაუნდიათ სამალავების საიდუმლოება. ვეღარ ნახეს ალბათ ახალგაზრდებში ის საიმედოობა და ერთგულება რომელიც სჭირდებოდა ხევსურეთის სიწმინდის დაცვას. შეცვალეს პერანგიან, ხმლიანი და ალალ-მართალი ვაჟები განათლება მიღებულმა, ფართლის ტალავრიანმა და ქალაქს ნაზიარებმა ახალგაზრდებმა. ალბათ ამიტომაც დარჩნენ ლეგენდად განძიცა და დროშაც, სადღაც მუცოს მიუვალ კლდეებში. ლეგენდავე გვეუბნება, რომ მათ ვერავინ იპოვის სანამ თვითონ მუცოს მფარველი ხატი არ ამოარჩევს ღირსეულს, რომელსაც ძილში უჩვენებს მათ ადგილს და აპოვნინებს.
მუცოელები თოფის წამალს ადგილზე ამზადებდნენ. რაღაც მინერალს მოიპოვებდნენ (ალბათ გოგირდის შემცველობით) რომელსაც შემდეგ სპეციალური ტექნოლოგიით ამუშავებდნენ. (ადუღებდნენ, აშრობდნენ) სამწუხაროდ სადღეისოდ ეს ტექნოლოგია ზუსტად აღარავინ იცის. თუმცა ამის შესახებ ერთ ხალხურ ლექსშია ნათქვამი:
,,თოფმა თქვა: ჩემსა წამალსა
შვიდ პირად უნდა დუღილი,
მაისის თვეში დამნაყან,
მემრ ნახან ჩემი ქუხილი".
ამ მინერალს პირდაპირ მუცოს ციხეში მოიპოვებდნენ. ძალიან საინტერესოა როგორ აღმოაჩინეს ხევსურებმა დენთის დამზადების ქიმიური პროცესი. ეს ვინმემ ასწავლათ თუ ადრიდანვე იცოდნენ. სამწუხაროდ ამაზე არანაირი ინფორმაცია არ არის შემორჩენილი. ტყვიის მოპოვებაც არ ყოფილა პრობლემა რადგან იქვე მუცოდან ერთ კილომეტრში არის ჭალა რომელსაც სატყვიე ჭალას ეძახიან. ეს ჭალა მართლაც სატყვიეა. აქ თხრიდნენ და ღებულობდნენ ტყვიის მადანს, რომლის გადადნობითაც გამოდიოდა ტყვია. ტყვიის მადანი იმდენი ყოფილა რომ სხვა სოფლების მაცხოვრებლებზეც კი ყიდდნენ. ერთი კვადრატული მეტრი ფართობი ერთი ცხვარი ღირდა. გადამხდელს შეეძლო ამ ერთ კვადრატულ მეტრის ფართზე ეთხარა და რასაც იპოვიდა მისი იყო.
ჯიხვიც ბევრი ყოფილა იმ დროს. იქვე მუცოს თავზე საჯიხვეებში ბინადრობდნენ. იმდენი რომ, როცა ახალ თოფის წამალს გააკეთებდნენ გამოსაცდელად საჯიხვებში მიდიოდნენ. აბა ტყუილად ტყვია წამლის ხარჯვას ვინ მოჰყვებოდა. საჯიხვეების ცოტა ქვემოთ (მუცოსთავ) იყო ყანები, სადაც ხორბალი მოყავდათ.
მუცოს სულ ზემოთა ნაწილს ბროლის კალო ჰქვია. მისი სახელი ალბათ მისი დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მართლაც კალოსთვის ყველაზე მოხერხებული ადგილი იქნებოდა, თანაც თავის დროზე თუ ბროლებით იქნებოდა შემოსაზღვრული მშვენიერი სანახავიც უნდა ყოფილიყო. მაგრმ ეს ალბათ ძალიან ადრე ხდებოდა რადგან სადღეისოდ მას აბსოლიტურად სხვა დატვირთვა აქვს. იქ წმინდა გიორგის და მუცოს მფარველი მთავარანგელოზის სახელობის სალოცავია.
თუკი მუცოს აღწერას ზმოდან დავიწყებთ პირველი რაც შეგვხვდება ეს არის თორღვას კოშკი, ბროლისკალოს მთავარანგელოზის სახელობის სალოცავი და შეთეკაურთ ციხე. ოდნავ გადახრილი და კუთხე ჩამონგრეული.

ადათ-წესები

სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია

სტუმარ-მასპინძლობის ადათი ხევსურეთში დღესაც დაცულია და სტუმარსაც პატივისცემით იღებენ. შატილში სტუმარი ჯერ მიდის ”საფეხვნოში” (სასაუბრო), რომელიც სოფლის მისავალშია გამართული, და იქ დაიცდის. შემდეგ მასთან მასპინძელი მივა და თავის ოჯახში დაიწვევს.
ეს საფეხნო ქვა-ყორით ნაგები დაბაზი და ზედ სიპით არის დახურული. საფეხნო წინ ღიაა და შიგ ქვის სკამებია გამართული. შუაში ძევს ხიმუნი, რომელშიაც ტყავი იძილება. საფეხნოში მხოლოდ მამაკაცები იკრიბებიან და დედაკაცს იქ მისვლა არ შეუძლია. შესავლაში, საფეხნოს თავში, უფორსებისა და ხატის მსახურთა სკამია გამართული; შატილიელები აქ იკიბებიან კვირა-უქმეებში, საქმობენ და თან საუბრობენ; ზოგი მუშას გრეხავს, ზოგი ტყავს ზელავს და სხვა; სასოფლო და რჯულის საქმეებიც აქ ირჩევა. საქმის დღეებში კი დილით იკრიბებიან საქმეზე წასვლის წინ და საღამოთი, როცა სამუშაოდან ბრუნდებიან.
სტუმარსაც პირველად საფეხნოში მიიღებენ და აქ ერთმანეთს მოიკითხავენ. სტუმარი ოჯახში ხელცარიელი ვერ მივა, მას მიაქვს სასმელად არაყი ან ლუდი. სტუმარს ყველანი ფეხზე უდგებიან და კარგად უმასპინძლდებიან. საპატიო სტუმარს მასპინძელი ზოგჯერ ცალ მუხლზე დაჩოქილი ემსახურება. სტუმრის შეურაცხყოფა ან დაკეჭნა არ შეიძლება და ამზე სამაგიერო პასუხი მასპინძელს მოეთხოვება.
ოჯახში შემოსულ სტუმარს მასპინძელი ასე მიესალემება: ”მაგვიხვე მშვიდობით!” სტუმარი პასუხობს ”დამხვდით მშვიდობით! აშენდით! სრუ მუდამ ლხინზედა, მშვიდობაზედამც შეიყრებით”-ო.



სისხლის აგება

ხევსურეთის საზოგადოებრიობას დღესაც ახასიათებს სისხლის აღების ადათი.
ადამიანის მოკვლა ხევსურეთში დიდ დანაშაულად ითველაბა: მკვლელზე ძმებმა და ბიძაშვილებმა შური უნდა იძიონ და სისხლი აიღონ. ეს ადათი ხევსურს ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი; ”ხევსურული რჯულით” სისხლის აღებულობა თემში უდიდესი სირცხვილია და მოკლულის სულიც, მათი წარმოდგენით, საიქიოში იტანჯება. ამიტომ ხევსურეთი თავისი ძმათაშვილის სისხლს არავის შეარჩენს, სანამ მოსისხლეთა გვარი არ ამოწყდებოდა.
მკვლელობის გამომწვევი მიზეზები აქ მრავალია: მშობლის შეგინება და შეურაცყოფა, სიმთვრალე ხატში და ქორწილში, მამულზე დავა და სხვა.
ხევსურული რჯულით სისხლი მოეთხოვება მკვლელსა და მის ოჯახს. მტრობენ აგრეთვე მკვლელის დედის ძმებს და ბიძებს, რომლებსაც შურის მაძიებელი ვერ მოკლავს, მაგრამ დასჭრის.
მოხდება თუ არა მკვლელობა, მეხელე და მისი ოჯახი მაშინვე იხიზნება. მაგრამ, რათა მოკლულის პატრონმა მეხელის ოჯახი არ დაარბიოს, ირჩევენ შუაკაცებს, რომლებიც დასარბევად წამოსულებს წინ მიაგებებენ კურატს, ცხვარს, სამ ”ჩარექ რვალს” (სპილენძს) და ეტყვიან: ”შუაკაცები გეახლათ, რაც ვალია, ინებეთო”. ცხვარს იქვე დაკლავენ მკვდირს სულის ასახსნელად, მაგრამ ხორცს არ შეჭამენ, ვინმე იქ დამსწრეს აჩუქებენ, ტყავს კი შუაკაცები აიღებენ. ხარს მეშუღლეები წაიყვანენ. ამის შემდეგ რჯულით მეშუღლეს ნება არა აქვს, მეხელეს ოჯახი დაარბიოს.
მოკლულის დასაფლავების დღეს მეხელე შუაკაცების ხელით ჭირისუფალს უგზავნის მიწად შასვლის საკლავს. ამ საკლავს მიცვალებულის ოჯახში მიიყვანენ, იქ დაჰკლავენ და შენდობას ეტყვიან.
ამას უნდა მოჰყვეს საგვარო, რომელიც მეხელემ ფულით ან საკლავით უნდა გადაიხადოს. საკლავს დაკლავენ და მოკლულის სულს მოიხსენეიბენ; ამით მეხელისა და მოკლულის გვარი რიგდება, რის შემდეგ მკვდრის პატრონს საქმე აქვს მეხელესთან და მის ძმასთან და ბიძებთან.
საბოლოო შერიგება ხდება თვ-სისხლის გათავების შემდეგ, რომლის დრო წინათ თითქმის განუსაზღვრელი იყო და 7-8 თაობამდე გრძელდებოდა, ამ ხნის განმავლობაშჳ მეხელე მტრობისა და სისხლის აღების შიშის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რაც მეტად მძიმე პიროებებში აყენებდა მეხელესა და მის ოჯახს. ხევსურეთის თემებს ბოლოს შეუგნიათ ასეთი უსაზღვრო ვადის მავნებლობა და ამ 15 წლის წინათ თავ-სისხლის გათავების ვადა განუსაზღვრავთ 80 წლით, რასაც დრესაც მტკიცედ იცავენ. ამ ხნის განმავლობაში მკვლელმა ყოველ წლისთავზე მოკლულის ჭირისუფალს საკლავი უნდა მიართვას მიცვალებულის სულის მოსახსნელად.
ხევსურული რჯულით კაცის სისხლი შეფასებულია 80 ძროხად, ქალისა კი 30 ძროხად, მაგრამ რიგის გადახდის შემდეგ მკვლელი იხდის 16 ძროხის საფასურს, რადგანაც დანარჩენს რიგის ყენებაში უბრიან.
ცოლის ან შვილის მოკვლისათვის სასისხლო არ არის, დაწესებულია მხოლოდ მცირედი გადასახადი. ქმარმა რომ ცოლი მოკლას ან მამამ შვილი, დედულებს ხუთი ძროხა უნდა მისცეს.
სისხლის საფასური ხევსურეთში ძროხებით არის გამოანგარიშებული.
მესისხლეობა და მასთან დაკავშირებული მკვლელობა ხევსურეთის სოციალური სენია.
ამ ნიადაგზე ხევსურეთში მკვლელობა წინათ ხშირად ხდებოდა და იყო შემთხვევები, რომ მესისხლეობით არა ერთი გვარი ამოხოცილა. ეს საფრთხეს უმზადებდა თვით ხევსურეთის ფიზიკურ არსებობასაც. საბჭოთა ხელისუფლების დროს ამ მავნებელი მამპამური ადათის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა.
ამგვარად, მესისხლეობისა და ხევსურული რჯულის წინააღმდეგ თვით ხევსურები იბრძვიან და პირველი ნაბიჯიც არხოტელებმა გადადგეს. ხევსურეთის დანარჩენი თემებიც ცდილობენ არხოტელებს მიბაძონ და მათი ეს დადგენლება თავიანთ თემებშიც გაატარონ.



კეჭნაობა

თავსისხლიანობასთან ხევსურეთში შურისძიების უფორო მსუბუქი ფორმაც არსებობს, რომელსაც კეჭნაობას უწოდებენ.
კეჭნაობა ხევსურეთში ჩვეულებრივი მოვლენაა და იშვიათია ხევსური დაუკენჭავი იყოს და მას თავ-ოირი დაშნითა და საცერულოთი დასერილი არ ჰქონდეს, ამიტომ კეჭნაობაში და იარაღის ხარებაში ხევსურები პატარაობიდან ვერჯიშობენ, ჯერ ხის დაშნებითა და ფარებით, შემდეგ კი ნამდვილ ხმლებზე და ფარებზე გადადიან.
კეჭნაობაში მთავარია, გავარჯიშებული ხელი და კარგი ხმალი გქონდეს, ისე, რომ ხმლის ერთი მოქნევით მეუღლეს მსუბუქი ჭრილობა მიაყენო, სისხლი გამოადინო და საფოთლეს (საექიმო) გარდა არაფერი გადაგხდეს. მძიმე დაკეჭნა სირცხვილია: იტყვიან, მკლავი ვერ დაიმორჩილა და მეშუღლეც იმიტომ გასწირა, მძიმედ დაკეჭნაო.
კეჭნაობა ან შუღლობა ხდება მიცვლაებულის რიგებში, ქორწილში, ხატობაში და სხვა. მიზეზი ამისა მრავალია: პირადი შეურაცხყოფა, შური, სიმთვრალე, დედისა და მამის სრულის შეგინება და სხვა. კეჭნაობა ვაჟკაცობად ითვლება და ქალაქებში კარგი მიკეჭნავე დიდ მოწონებაში: ”ქალისპირა ბიჭს უფრო მაუდის ჩხუბი და კეჭნა ქალების სათვალფეროდ”-ო. ვინც კანჭაობას გაურბის, მას ზრახვენ, ბეჩავი და მხდალიო, მაგრამ კეჭნაობაში მარტო პირადი ვაჟკაცობა და გულადობა არ კმარა, საჭიროა აგრეთვე დრამის გადასახდელად ქონებრივი შესაძლებლობა, რომელიც ყველა ხევსურს არ მოეპოვება.
ამიტომ ღარიბი ხევსური კენჭაობისაგან თავს იკეთებს, შეძლებული კი სახელს ეძებს, მუდამ შარზე დგას და დაკეჭნილს ეუბნება: ”თეთრი ოქროთი აგილესავ მაგ ჭრილობას” ან ”ბაჯაღლო ოქროთი შეგიმკობ მაგ ჭრილობასო”.
კეჭნაობის სისხლი გვარზედ და თემაზედ გადადის და, სანამ შერიგება არ მოხდება, შუღლი მე-4-5 თაობამდე გრძელდება, ამიტომ მეშუღლეები ფარ-ხმალით არიან შეიარაღებულები და სადაც ერთმანეთს შეხვდებიან, იქვე კეჭნაობა გაიმართება.




სწორფრობა

გართობას ახალგაზრდობა ხევსურეთში მოკლებულია, რადგან ქალ-ვაჟების იქ ერთად ყოფნა და მოლხენა საძრახისია. ხატში, ქორწილში და სხვა გასართობ ადგილებში ქალ-ვაჟნი ერთად არ იყრებიან და იგინი განცალკევებით დგებიან. მათ სორის ცელქობა და არშიყობა სასირცხოდ და ადათით აკრძალულია. ბედნიერ დრეებში მამაკაცები ცალკე სხდებიან და დროს სმაში ატარებენ, ქალები კი მოშორებით დგანან და მათ ისე შესცქერიან.
ხევსურეთში ლხინი და ცეკვა-თამაშიც არ იციან, აქ არ შეხვდებით არც მთიულურ ტაშფანდურს და არც ქალ-ვაჟების ცეკვაში გაჯიბრებას: ასეთ მხიარულ გართობას ხევსურეთის ახალგაზრდობა მოკლებულია. ხევსურებს სიმღერა და მუსიკა არ ემარჯვებათ. ხევსური იშვიათად დაიმღერებს, ისიც ხატში შეზარხოშებული მამაკაცები სიმღერა მონოტონურია, უკილოო და სევდიანი. მას არ ახასიათებს ხმების ნაირობა და სიჭრელე და მსმენელზე ის მძიმე და არამუსიკალურ შთაბეჭდილებას ახდენს.
საკრავებში აქ ფანდურს უკრავენ. ფანდური სამლარიანია. ფანდურის გულის ფიცარი ლითონის ცვრებით არის შემკული. ფანდურს კაცებიც და ქალებიც უკრავენ და საგმირო სიმღერებს დამღერიან. ამ ბოლო ხანებში აქ შემოსულა გარმონიც ბუზიკანტი, რომელსაც ხევსურულად უკრავენ და დამღერიან.
მხიარულ გართობასთან ერთად ხევსურეთის ახალგაზრდობა მოკლებულია ერთმანეთის ტრფობასა და გამიჯნურების რომანტიკას, რომლის გამომჟღავნება თემური ადათით სასირცხოდ ითვლება და აკრძალულია. ქალ-ვაჟს გამიჯნურება უნამუსობაში ჩაეთვლება და მიჯნურთ თემში აძაგებენ. მაგრამ ერთმანეთის მოტრფიალენი ცდილობენ თავიანთი სიყვარულის გრძნობები დაფარონ სწორფრობის ნებადართული წესებით.
სწორფრობა ხევსურეთში გავრცელებული წესია, რომელსაც ძმობილობასაც უწოდებენ. როდესაც ქალ-ვაჟნი ასაკში ჩადგებიან, ირჩევენ თავიანთ სწორფრობის ნებადართული წესებით.
არჩევანი პირად მოწონებაზეა და სიყვარულზეა დამოკიდებული. თუ ქალ-ვაჟს ერთმანეთი მოეწონათ, ვაჟი ქალს ძმობას ეტყვის და ამის შემდეგ მათ შორის დაიწყება სწორფრობის რომანტიკა. სწორფერობენ ერთი თემისა და გვარის ქალ-ვაჟნი, ნათესავთა შორის სწორფრობა იშვიათია. სწორფერ ვაჟს უნდა ახასიათებდეს რაინდობა და ნაძმობი ქალისადმი თავდადება და ერთგულება. ამასთანავე, ძმობილი უნდა იყოს ზრდილი და დარდიამნდი

Tuesday, June 15, 2010

ფოლკლორი

ხევსურეთს
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს,
არდავიწყება უნდა!
ასა, არღუნი, ანდაქი;
პირიქითაი ხევები;
უნდა მივხედოთ, ანდა კი
მას წაგვართმევენ დევები.
ღმერთო მაჰხედე ხევსურეთს,
საკლავებ იკლას ხატობას;
არ მახკლდებოდეთ ხევსურებს,
ჯიხვის რქა, ლუდი, დათრობა;
სანეს იღრეონ ვაჟებმა,
ათენგენას სცენ თაყვანი;
ხმალ ატრიალოს მაჯებმა,
მტერს არ ვეგონოთ ჯაბანნი;
ქალებს ექსოვოთ ფარდაგი,
ჭრელა-ჭრულაი ნოხები;
სალოცავს ხყავდეს ქადაგი,
საძოვარს ცხვარი ძროხები;
ცხოვრება მიჰქრის ტიალი,
გაჭენებული ცხენივით;
ადათთა ორომტრიალი,
წარსულს ეცემა ბერივით;
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს,
არდავიწყება უნდა!!!

ლადო ჭინჭარაული